ნათია გადელიამ ევროპის ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა, ჩემპიონობა კი ემა პოღოსიანმა მოიპოვა

24 აპრილი, 2026

ევროპის ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღის ბოლოს მედლები გაითამაშეს 86 კილოგრამ წონითი კატეგორიის ქალმა წარმომადგენლებმა. სამწუხაროდ, მედალოსანთა შორის არ აღმოჩნდა ნათია გადელია.

საქართველოს წარმომადგენელმა ნათია გადელიამ (86 კგ) ბათუმის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ატაცში (106), აკვრაში (131) და ორჭიდის ჯამში დაგროვილი 237 კილოგრამით დაასრულა და სამივე შემთხვევაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

წარმატებული დღე ჰქონდა სომეხ ძალოსანს ემა პოღოსიანს, რომელმაც ატაცში (107) ბრინჯაოს, აკვრასა (141) და ორჭიდის ჯამში (248) კი ოქროს მედლები დაისაკუთრა. გარდა ამისა, აკვრასა და ორჭიდში ევროპის ახალგაზრდული რეკორდებიც დაამყარა.

ჩემპიონს ორჭიდის შედეგად კილოგრამით ჩამორჩა ინდივიდუალური ნეიტრალური ათლეტი ლანა სოტიევა, რომელსაც ატაცში (112) ოქროს, აკვრაში (135) ბრინჯაოს და ორჭიდში (247) ვერცხლის მედლები ერგო.

კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა ბრიტანელი მადიას ნზესო, რომელსაც სხვათა შორის, თავის დროზე, როდესაც კამერუნს წარმოადგენდა, ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული, სამჯერ კი აფრიკის ჩემპიონი იყო.

მედალოსანი გახდა სომხეთის კიდევ ერთი წარმომადგენელი. ლიანა გურჯიანმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა აკვრაში (135). იგივე წონა აქვს დაძლეული ლანა სოტიევას, მაგრამ ვინაიდან პირველმა 135 კილოგრამი გურჯიანმა აკრა, მედალიც მას დარჩა.