ქალთა 63 კილოგრამ წონითი კატეგორია შედეგების მხრივ ჭრელი გამოდგა
21 აპრილი, 2026
ბათუმის ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, ქალთა 63 კილოგრამ წონითი კატეგორია შედეგების მხრივ ჭრელი გამოდგა. A ჯგუფში მოასპარეზე 11 ძალოსნიდან ექვსი მედალოსანი გახდა. ამასთან, ორჭიდის ჯამში საუკეთესო სამეული ატაცში მედლის გარეშე დარჩა. მათ შორის, საუკეთესო ბრიტანეთის წარმომადგენელი, სარა დეივისი გახდა.
ბრიტანელი ძალოსანი ატაცში არცთუ შთამბეჭდავი იყო - 94 კილოგრამის დაძლევით მე-9 შედეგი ჰქონდა, თუმცა შეძლო და დანაკლისი ერთბაშად აინაზღაურა აკვრაში, სადაც ყველაზე მეტი, 125 კილოგრამი დაიმორჩილა და პირველ ადგილთან ერთად, ორჭიდში 219 კილოგრამით ჩემპიონობამდე დაწინაურდა.
ატაცისა და აკვრის ჯამში (218) ბრიტანელს კილოგრამით ჩამორჩა ნეიტრალური ათლეტი ალინა შეპანოვა, რომელიც ატაცში (96) მეექვსე იყო, აკვრაში (122) კი მეორე.
ატაცში ასევე უმედლოდ დარჩა კიდევ ერთი ნეიტრალური ათლეტი დიანა მოისევიჩი. 217 კილოგრამით ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალოსანს ატაცში მეხუთე შედეგი (97) ჰქონდა, აკვრაში - მესამე (120).
რაც შეეხება ატაცში გათამაშებულ მედლებს, აქ წარმატებას მიაღწიეს ფრანგმა მელინ მიშელმა (100), რუმინელმა ანდრეა კოტრუტამ (99) და უკრაინელმა სვიტლანა მოსკვინამ (98), რომლებმაც, შესაბამისად, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

