94 კილოგრამ წონითი კატეგორია კარლოს ნასარის ტრიუმფით დასრულდა
24 აპრილი, 2026
ევროპის ჩემპიონატის მეექვსე საშეჯიბრო დღე ბულგარელი კარლოს ნასარის ტრიუმფით დასრულდა. პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, მსოფლიოს და ევროპის სამ-სამგზის ჩემპიონმა საკუთარ ჯილდოებს მეოთხე ოქროს მედალი შემატა.
94 კილოგრამ წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა ატაციდანვე განიმტკიცა ლიდერობა. 176 კილოგრამი დაძლია და მესამე ცდაზე მსოფლიო რეკორდსაც (183) შეუტია, მაგრამ აქ წარმატებისთვის არ მიუღწევია. ბეწვის ხიდზე გაიარა აკვრაში. სამი მცდელობიდან მსაჯებმა ჩასათვლელად მხოლოდ მეორე მისვლა მიიჩნიეს, ამ შემთხვევაში ტაბლოზე 210 კილოგრამი ჩაითვალა, რამაც მას ოქროს მედალი მოუტანა. ასევე ოქროს ჯილდო დაიმსახურა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 386 კილოგრამით.
კარლოს ნასარის წონებთან ყველაზე ახლოს სომეხი არა აღანიანი მივიდა, თუმცა ჩემპიონს ხუთი კილოგრამით ჩამორჩა ორჭიდში (381). მესამე ადგილზე გავიდა ფრანგი რომან იმადუშენი (370).
მედალოსანთა შორის აღმოჩნდა თურქი ჰაკან შუქრუ კუმასი, რომელმაც ატაცში შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება.
ამავე წონაში ფიცარნაგზე უნდა გასულიყო ირაკლი გობეჯიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ, ძველი ტრავმის გამიზეზების გამო, იძულებული გახდა ასპარეზობაზე უარი ეთქვა.
გობეჯიშვილმა დასკვნითი ვარჯიშის დროს დაიზიანა მარჯვენა ბარძაყის ოთხთავა კუნთი. ვინაიდან შეჯიბრებამდე იყო დარჩენილი ერთი კვირა, მიუხედავად სამწვრთნელო და სამედიცინო ჯგუფის აქტიური ქმედებებისა, ვერ მოესწრო ტრავმის ლოკალიზება. შედეგად, სამომავლო გართულებების თავიდან ასარიდებლად სპორტსმენი ჩაიხსნა შეჯიბრებიდან.

