იუსუფ გენჩმა ჩემპიონობამდე ბეწვის ხიდზე გაიარა
21 აპრილი, 2026
ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე კაცთა შორის 71 კილოგრამ წონითი კატეგორიაში ასპარეზობით და თურქი სპორტსმენის ჩემპიონობით დასრულდა.
იუსუფ გენჩს ორჭიდის ჯამში (332) ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავდა. მომავალმა ჩემპიონმა ატაცში საწყისი ორი ცდა გააფუჭა და სასურველ შედეგს მხოლოდ მესამე ცდაზე დაძლეული 147 კილოგრამით მიაღწია. მისთვის იოლი არც აკვრა ყოფილა. ამ შემთხვევაში, შედეგიანი პირველი მცდელობა გამოდგა (185), დანარჩენ ორში კი წარუმატებელი გამოსვლა ჰქონდა.
ორჭიდის შედეგად (330) ვერცხლის მედალი დაიმსახურა სომხეთის წარმომადგენელმა გორ სააკიანმა, რომელიც ატაცში (150) საუკეთესო იყო, აკვარში კი მესამე შედეგი (180) ჰქონდა.
ატაცში (145) დაკავებული მეხუთე ადგილის და აკვრაში (183) მოპოვებული ვერცხლის მედლით ორჭიდის ჯამში (328) ბრინჯაოს მედალი ერგო ნეიტრალურ ათლეტ იგორ პაპოუს.
მედალოსანთა შორის აღმოჩნდა აზერბაიჯანელი ისა რუსტამოვი, რომელმაც ატაცში (147) ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

