საქართველოს 20 და 23 წლამდელ ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ტრიუმფით დაასრულა

19 ოქტომბერი, 2026

ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 20 და 23-წლამდე ძალოსანთა ნაკრებებმა შთამბეჭდავ შედეგს მიაღწიეს. ორ ასაკობრივ ჯგუფში ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 38 მედალი დაისაკუთრეს — 11 ოქრო, 17 ვერცხლი და 10 ბრინჯაო. ამასთან, 20-წლამდელთა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში I ადგილი დაიკავა, ხოლო 23-წლამდელები II ადგილზე გავიდნენ.

20-წლამდელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩა გოგა ჯაჯვანი (95 კგ), რომელმაც ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში სამივე ოქროს მედალი მოიპოვა. ამავე ასაკობრივ ჯგუფში, გივი დარსაველიძემ (+110 კგ) 3 ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ირაკლი ვეკუა 3 ბრინჯაოს დაეუფლა. 70 კგ წონით კატეგორიაში რევაზ მილდიანმა ატაცსა და ორჭიდში ვერცხლის, აკვრაში კი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ლუკა სილაგაძემ (95 კგ) ორჭიდის ჯამში ვერცხლის, ატაცში კი ბრინჯაოს მედალი აიღო. წარმატებული გამოდგა 20-წლამდე გოგონათა ნაკრების ასპარეზობაც: მარიამ მურღვლიანი (86 კგ) ატაცში ოქროს, ხოლოს აკვრასა და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლებს დაეუფლა, ნანა ხორავამ (77 კგ) კი ნაკრებს 3 ვერცხლის მედალი მოუტანა.

არანაკლებ შედეგიანი აღმოჩნდა ტურნირი 23-წლამდელთა ნაკრებისთვისაც. ზურაბ მსხალაძემ (85 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში სამი ოქროს მედალი მოიპოვა და, ამასთანავე, ტურნირის საუკეთესო ძალოსნად დასახელდა. გიგა ოდიკაძემ (60 კგ) ატაცში ოქროს, ხოლო აკვრასა და ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლები დაიმსახურა. გურამ ვეკუას (+110 კგ) ანგარიშზე 3 ბრინჯაოს მედალია. გუნდურ წარმატებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს გერვასი თაბაგარმა (95 კგ — ვერცხლი აკვრაში), მანუჩარ ყიფშიძემ (70 კგ — ბრინჯაო ატაცში) და საბა ასანიძემაც (95 კგ — ბრინჯაო აკვრაში). 23-წლამდე გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა ნათია გადელიამ (86 კგ), რომელმაც სამივე დისციპლინაში ოქროს მედლები დაისაკუთრა, ხოლო მარიამ მაისურაძემ (49 კგ) ტურნირი 3 ვერცხლის მედლით დაასრულა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე: „ამაყი ვარ ჩვენი ახალგაზრდა ძალოსნებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.

ჩვენმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი შედეგი აჩვენეს, რაც სწორი და დაუღალავი შრომის ნაყოფია. თითოეული მედლის უკან უდიდესი ძალისხმევა დგას — ამ ახალგაზრდებმა თავი არ დაზოგეს და სიამაყის უდიდესი საფუძველი მოგვცეს.

მინდა თითოეულ სპორტსმენს მადლობა გადავუხადო, მათი შრომა მართლაც დასაფასებელია. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი მწვრთნელებს, რომლებმაც წლების განმავლობაში პროფესიონალური და სწორი მუშაობით არაერთი გამარჯვება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას.

განსაკუთრებული მადლობა სამედიცინო გუნდს, რომლის ღვაწლიც ფასდაუდებელია, ასევე ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ.

მადლობას ვუხდი სპონსორებს მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობისა და სპორტის სამინისტროს მიმართ, რომლებიც სპორტსმენებს ყველა საჭირო პირობას უქმნიან — შედეგიც სახეზეა, მათთვის სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი პრიორიტეტია.

და ბოლოს, უდიდესი მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერასაც ყოველთვის ვგრძნობთ. წინ კიდევ ბევრი შეჯიბრებაა და ამ თაობამ დაამტკიცა, რომ სიამაყის მიზეზს კიდევ არაერთხელ მოგვცემს.“