გარიკ კარაპეტიანმა ევროპის ჩემპიონობა მესამედ იზეიმა
25 აპრილი, 2026
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის ბოლოს წინა დღეს მედლები გათამაშდა ვაჟთა 110 კილოგრამ წონითი კატეგორიაში. მონაწილეთა შორის უნდა ყოფილიყო საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი ჩხეიძე, თუმცა სპორტსმენმა ფიცარნაგზე გასვლაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი წელის ტრავმა დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა გულშემატკივარმა ფიცარნაგზე ირაკლი ჩხეიძე ვერ იხილა, უშეღავათო ორთაბრძოლების გარეშე მაინც არავინ დარჩენილა.
სამეულისთვის ბრძოლა გააჩაღეს სომხეთის, ბულგარეთის და რუმინეთის წარმომადგენლებმა. მათ შორის, საუკეთესო კი აღმოჩნდა გარიკ კარაპეტიანი, რომელმაც ატაცში მესამე საუკეთესო შედეგის (189) შემდეგ, აკვრაში 226 კილოგრამი დაიმორჩილა და პირველი ადგილი დაიკავა, როგორც აკვრაში, ისე ორჭიდის ჯამში დაგროვილი 415 კილოგრამით და კარიერაში მესამედ მოიპოვა ჩემპიონობა.
ორჭიდის ჩათვლაში (414) ვერცხლის მედალი ერგო რუმინელ ლუის მანუელ ლორეტ როდრიგეს - ძალოსანს, რომელიც წლების წინ კუბის სახელით არაერთხელ გამხდარა პანამერიკული თამაშების თუ ჩემპიონატების პრიზიორი. როდრიგესმა ბათუმის ფიცარნაგზე ატაცში (195) ევროპის რეკორდიც დაამყარა.
კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა ბულგარელი ჰრისტო ჰრისტოვი, რომელიც ორჭიდის (412) ბრინჯაომდე, შესაბამისად, ატაცში (190) და აკვრაში (222) დაკავებული მეორე და მესამე ადგილებით მივიდა.
ასევე მედალი დაიმსახურა ინდივიდუალურმა ნეიტრალურმა ათლეტმა ხას მაგომედ ბალაევმა, რომელიც ვერცხლის მედალოსანი აკვრაში (225) გახდა.
ჩემპიონ-პრიზიორების გამოვლენის შემდეგ, საქართველოს ძლოანობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, კახი კახიაშვილმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) პრეზიდენტ ასტრიდ ჰასანს, ქართული ძალოსნობის მხარდაჭერის ნიშნად, ჯილდო გადასცა.

