ევროპის ჩემპიონატის პარალელურად გაიმართა ვანო გრიქუროვის წიგნის - „ვარსკვლავის ჩრდილში“ პრეზენტაცია

21 აპრილი, 2026

მსოფლიო დონის მწვრთნელი არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ცოტაა. საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავდა არაერთი ოლიმპიელის, ჩემპიონის აღმზრდელი, მართლაც მსოფლიო მასშტაბის მწვრთნელი ვანო გრიქუროვი.

ბათუმში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის პარალელურად გაიმართა ვანო გრიქუროვის წიგნის - „ვარსკვლავის ჩრდილში“ პრეზენტაცია.

წიგნზე მუშაობას, რომელსაც ვანო გრიქუროვმა წლები შეალია, ეძღვნება სპორტსმენებს და მწვრთნელებს, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მათ დიდ ძალისხმევას.

სამწუხაროდ, ამაგდარმა მწვრთნელმა წიგნის გამოცემა ვერ მოასწრო, თუმცა მისი სურვილს და იდეას ფრთები შეასხეს მისმა მოსწავლეებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა კახი კახიაშვილმა და გიორგი ასანიძემ.

წიგნის პრეზენტაციას უშუალოდ მისი შეგირდების კახი კახიაშვილის, გიორგი ასანიძის და არსენ კასაბიევის გარდა, დაესწრნენ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებიც. განსაკუთრებულად დიდი გუნდით იყო წარმოდგენილი პოლონეთის ნაკრები, რომელსაც წლების განმავლობაში სათავეში ედგა ვანო გრიქუროვი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ვანო გრიქუროვის შვილები, ძალოსნობის ევროპის ფედერაციის პრეზიდენტი ასტრიდ ჰასანი, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, მისი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჩუბინიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე და სხვა საპატიო სტუმრები.

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ გამოთქვა სურვილი, რომ წიგნი ითარგმნოს ინგლისურად, რადგან მსოფლიო დონის მწვრთნელის წიგნის გაცნობის საშუალება ყველას მიეცეს.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტალახაძე მინისტრის ამ იდეას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბევრი ძალოსნისთვის საინტერესო იქნება წიგნთან გაცნობა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისურად წიგნის გამოცემაში მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა, EWF-ის პრეზიდენტმა ასტრიდ ჰასანმა.