საქართველოს ნაკრებისთვის შედეგიანი გამოდგა ატაცი

20 აპრილი, 2026

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე მედლების მოპოვებით დაიწყო, თუმცა იყო ის, რაც სამწუხაროდ ხშირად ხდება სპორტში - ტრავმა, რომელმაც ჩემპიონობის მოპოვების შესაძლებლობა დააკარგვინა საქართველოს.

მასპინძლებისთვის კარგად დაიწყო 60 კილოგრამ წონითი კატეგორია, სადაც საქართველოს ნაკრები ორი ძალოსნით - გოდერძი ბერდელიძით და რამინ შამილიშვილით იყო წარმოდგენილი.

ბერდელიძემ, რომელმაც შარშან ამავე რანგის ასპარეზობაზე ატაცში ბრინჯაოს, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა, ჩემპიონობისთვის შეუდგა ასპარეზობას. წარმატებითაც დაიწყო. ატაცში 125 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალიც დაიმსახურა,

ატაცში 122 კილოგრამის დამორჩილებით კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიმსახურა შამილიშვილმა, რომელსაც 2025 წლის ევროპის პირველობაზე აკვრასა და ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედლები ჰქონდა მოპოვებული.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებისთვის ცუდად დაიწყო ასპარეზობები აკვრაში. ოქროს მედლის მოპოვების კანდიდატმა, გოდერძი ბერდელიძემ პირველი მისვლისას 146 კილოგრამის დაძლევისას მარჯვენა მხარი ამოიგდო და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ორჭიდში სამეულამდე კილოგრამი დააკლდა შამილიშვილს, რომელიც 146 კილოგრამით მეექვსე იყო აკვრაში, ორჭიდში დაგროვილი 268 კილოგრამით კი მეოთხე.

ორჭიდის შედეგების გათვალისწინებით ჩემპიონობა მოიპოვა ბულგარელმა ანგელ რუსევმა, რომელიც ატაცში (120) მეექვსე იყო, აკვრაში (155) კი პირველი.

274 კილოგრამით ვერცხლის მედალი ერგო სომხეთის წარმომადგენელ გარნიკ ჩოლაკიანს, რომელსაც ატაცში (124) მეორე შედეგი ჰქონდა, აკვრაში მესამე (150).

ატაცში (121) და აკვრაში (148) დაკავებული მეოთხე ადგილებით, ორჭიდში (269) ბრინჯაოს მედლამდე დაწინაურდა თურქი იგიტ ერდოგანი.

ასევე მედალოსანი გახდა კიდევ ერთი ბულგარელი დენის დანევი, რომელსაც აკვრაში (151) ვერცხლის მედალი ერგო.