ჩემპიონის ბედი ერთმა კილოგრამმა განსაზღვრა

19 აპრილი, 2026

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გათამაშდა მედლების მეორე კომპლექტი. ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ ქალთა 53 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

წონის ლიდერი გახდა ბელგიელი ნინა შტერქსი, რომელმაც ატაცში 94 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა. ბელგიელი საუკეთესო იყო აკვრაში, სადაც 116 კილოგრამის დაძლევით ევროპის რეკორდი დაამაყარა და პირველობა მოიპოვა, ასევე ოქროს მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 210 კილოგრამით, რაც ასევე ევროპის რეკორდია.

ორჭიდის ჯამში ჩემპიონობასთან ახლოს იყო რუმინელი მიხაელა კამბეი, რომელიც სანუკვარ ჯილდომდე ერთი კილოგრამი დააკლდა.
კამბეისთვის ერთგვარი ნუგეში უნდა იყოს ატაცში (95) ევროპის რეკორდით მოპოვებული ოქროს მედალი, რადგან აკვრასა (114) და ორჭიდში (209) ვერცხლის მედლები ერგო.

სამი შესაძლებლობიდან სამი ბრინჯაოს მედლით კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა თურქეთის წარმომადგენელი კანსელ ოზქანი.

მომავალმა პრიზიორმა ატაცში 92 კილოგრამი დაძლია, აკვრაში - 106, ხოლო ორჭიდში მისმა მონაგარმა 198 კილოგრამი შეადგინა.