ბათუმში ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლეს
17 აპრილი, 2026
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე, ბათუმში ძალოსნობის ევროპის ფედერაციის (EWF) კონგრესი გაიმართა. კონგრესის მონაწილეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირაკლი აბულაძე მიესალმა, რომელმაც დელეგატებსა და სპორტსმენებს წარმატებები უსურვა.
დამსწრე საზოგადოებას „ბათუმი 2026“-ის მზაობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ლაშა ტალახაძემ მიაწოდა და მონაწილეებს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივით მიმართა:
„საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს. პირველად ეს პატივი 2015 წელს გვერგო, როდესაც კონტინენტის პირველობას თბილისმა უმასპინძლა. შემდეგ იყო ბათუმის 2019 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელმაც მაღალი შეფასება მიიღო და მას „მომავლის ჩემპიონატიც“ კი უწოდეს. დღეს ისევ ბათუმში ვართ და ვეცდებით, თქვენი იმედები კვლავ გავამართლოთ.
პირველი შემთხვევაა, როდესაც ძალოსნობაში ასეთი სოლიდური საპრიზო ფონდი გვაქვს. მოლდოვაში დადებული პირობა შევასრულეთ და მიხარია, რომ ეს ახალი სტანდარტი სწორედ ჩვენმა ფედერაციამ დააწესა. აქტიური სპორტიდან ხელმძღვანელის რანგში ახლახან გადმოვინაცვლე. განვლილი სპორტული კარიერა მეხმარება, რომ სხვადასხვა საკითხს სიღრმისეულად შევხედო.
მსურს წარვადგინო რამდენიმე ინიციატივა, რაც ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია: საუბარია წინასწარ განაცხადებზე (ე.წ. Entry Lists), რაც ქვეყნებს ლავირებისა და ჯანსაღი კონკურენციის საშუალებას უზღუდავს. კარგი იქნება, თუ ფინალურ განაცხადში ქვეყნებს მიეცემათ 8+4 რეზერვის გამოყენების შესაძლებლობა. ასევე მიმაჩნია, რომ სამი კვირა ზედმეტად დიდი დროა ვერიფიკაციის განაცხადის შესავსებად და აჯობებს, ეს ვადა ერთ კვირამდე შემცირდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ცალკეულ მოძრაობებში ათლეტების დაჯილდოებას მეტი დაფასება ჰქონდეს. ჩვენი პრიორიტეტი სპორტსმენებზე ზრუნვა და გამარჯვებულების სრულფასოვანი აღიარებაა“.
რეგლამენტის შესაბამისად, დამსწრეების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგნენ EWF-ის პრეზიდენტი ასტრიტ ჰასანი და გენერალური მდივანი მილან მიხაილოვიჩი. კონგრესის წევრები გაეცნენ სხვადასხვა კომისიისა თუ კომიტეტის ანგარიშებს, მიიღეს ინფორმაცია 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ორგანიზაციულ მხარეზე, ასევე 2027 წლის ევროპის პირველობისა და ევროპული თამაშების შესახებ.
დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი EWF-ის კომიტეტების წევრთა არჩევნები იყო. აღსანიშნავია, რომ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის სამედიცინო კომიტეტის წევრად საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმ-რეაბილიტოლოგი, გიორგი ჭინჭარაული აირჩიეს.
კონგრესის დასასრულს, ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, EWF-ის საპატიო მედლები გადაეცათ საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, ლაშა ტალახაძეს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, ირაკლი აბულაძეს.

