ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს ორი მედალი მოუპოვა

26 აპრილი, 2026

ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღე შედეგიანი გამოდგა საქართველოს ქალთა ნაკრებისთვის. ანასტასია გოტფრიდმა (+86 კგ) საქართველოს ორი მედალი მოუპოვა.

საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ანასტასია გოტფრიდმა ატაცში 118 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი დაიმსახურა, აკვრაში 144 კილოგრამით მეოთხე შედეგი ჰქონდა, თუმცა ორჭიდის შედეგად 262 კილოგრამს მოუყარა თავი და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს, ევროპის ჩემპიონატების ორ ოქროს და ამდენივე ვერცხლის და ერთ ბრინჯაოს მედალს, მორიგი ჯილდო შემატა.

ამავე წონით კატეგორიაში იასპარეზა მარიამ მურღვლიანმაც, თუმცა მის შემთხვევაში საქმე მედლამდე არ მისულა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 108 კილოგრამი დაძლია, რაც მერვე ადგილისთვის იყო საკმარისი. მეათე ადგილი დაიკავა აკვრაში დაძლეული 130 კილოგრამით, ორჭიდის (238) შედეგად კი მე-9 ადგილზე დაასრულა გამოსვლა.

ჩემპიონობა იზეიმა ბრიტანელმა ემილი კემპბელმა. მომავალმა ჩემპიონმა ატაცში დაძლეული 117 კილოგრამით და მესამე ადგილით დაიწყო ასპარეზობა. მერე და მერე კი ოქროს მედლებსაც შეუტია. ჯერ აკვრაში, სადაც 159 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის შედეგად დაგროვილი 276 კილოგრამით.

ორჭიდის შედეგად ვერცხლის მედალი დაიმსახურა 2025 წლის ევროპის საუკეთესო ქალმა ძალოსანმა ნორვეგიელმა სოლფრიდ კოანდამ. სკანდინავიელი საუკეთესო იყო ატაცში, სადაც 119 კილოგრამით ოქროს მოიპოვა, მეორე შედეგი ჰქონდა აკვრასა (156)  და ორჭიდში (275).

მედალოსანთა შორის არის თურქი ტუანა სურენი, რომელმაც ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა აკვრაში (145).