65 კილოგრამ წონითი კატეგორია თურქი ძალოსნების კარნახით წარიმართა
20 აპრილი, 2026
ბათუმის ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟთა შორის მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა და აქაც შედეგებს მიაღწიეს თურქმა და ბულგარელმა ძალოსნებმა.
65 კილოგრამ წონით კატეგორიაში საუკეთესო იყო თურქი ფურკან ოზბექი, რომელმაც წარმატებული სვლა ატაცში (143) მოპოვებული ვერცხლის მედლით დაიწყო, რასაც აკვრაში ევროპის რეკორდით (180)მოპოვებული ოქროს მედალი მოყვა, თურქმა ძალოსანმა, რა თქმა უნდა, ჩემპიონობა იზეიმა ორჭიდში დაგროვილი 323 კილოგრამით.
ატაცში (145) ოქროს მედლით დაიწყო ევროპის ჩემპიონატი ბულგარელმა ივან დიმოვმა, რომელსაც აკვრაში მეორე შედეგი (172) აღმოაჩნდა. ბულგარელმა ვერცხლის მედალი დაიმსახურა ორჭიდის ჯამშიც (317).
მესამე ადგილი ერგო თურქ ფერდი ჰარდალს, რომელმაც ატაცში 135 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი მეოთხე შედეგი (158) აღმოაჩნდა. ორჭიდში დაგროვილი 293 კილოგრამით კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
მედალოსანთა შორის არის იტალიელი სერჯიო მასიდა, რომელმაც ატაცში გაფუჭებული სამივე მცდელობის შემდეგ, აკვრაში (171) ბრინჯაოს მედალოსნობა შეძლო.

