ოქროს ბიჭუნა

11-ივნ-2016
სიახლეები

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნიც აჟღერდა. 105 კგ. წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ლიდერმა გიორგი ჩხეიძემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მან ატაცში 172 კგ. დაძლია, აკვრაში კი 207. ორჭიდის ჯამში ქართველმა ათლეტმა 379 ქულით გაიმარჯვა. გიორგი ატაცშიც პირველი იყო და ჩემპიონის ტიტულთან ერთად მცირე ოქროს მედალიც მოიპოვა.

- გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. რა გრძნობა დაგეუფლა, როცა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ახვედი?

- დაუვიწყარი გრძნობაა სიამაყის, სიხარულის. მინდა ჩემს ახლობლებს მწვრთნელებს, გულშემატკივრებს, ყველას მივულოცო ეს წარმატება.

- ეს ირანელი კეტკეტი კაკალი გამოდგა. ბოლომდე იბრძოდა გამარჯვებისთვის. ადრე, თუ შეხვედრიხარ მას და როგორ დაახასიათებდი?

- ალი რეზას ადრე არ შევხვედრივარ. მის თანამემამულეს შევხვდი. ორივე ძლიერი სპორტსმენია და გამძლეობა ახასიათებთ, მაგრამ დღეს შესაძლებლობების ზღვარს ვერ გადააბიჯეს.

- ეს შედეგი ადრეც დაგიფიქსირებია?

- ვარჯიშებზე კი ამიწევია, მაგრამ შეჯიბრებაზე ასეთი მაღალი შედეგი ჯერ არ ყოფილა.

- ხეცურიანიც ახლოს იყო სამეულთან, მაგრამ შეიძლება ითქვას არ გაუმართლა?

- ჩვენ ერთად ვვარჯიშობთ, ვმეგობრობთ და ვიცი, რომ ძლიერი ათლეტია. დათოც ბევრს მიაღწევს თავის წონაში.

- რუსი სოლოვიოვიც ძლიერი ათლეტი ჩანდა, მაგრამ ატაცში ვერ მიიღო სასურველი შედეგი.

- მას შეცდომა მოუვიდა და შემდეგ ვეღარ მოახერხა მისი გამოსწორება.

- მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვე. მომავალში რას აპირებ?

- ეხლა ისევ შეკრებაზე გადავალთ თბილისში და სექტემბრამდე მუდმივად შეკრებები გვექნება - ბაზალეთზე, დუშეთში, ბაკურიანში. ფაქტობრივად, დასვენების დრო არც იქნება. სექტემბერში პოლონეთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართება და შევეცდები წარმატებული სვლა იქაც გავაგრძელო. დანარჩენს მომავალი მიჩვენებს.

მსგავსი
სიახლეები