სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ გამოკითხვაში 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე დასახელდა

29-დეკ-2019
სიახლეები

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ (სსჟა) ტრადიციულ გამოკითხვაში 2019 წლის საუკეთესოები გამოავლინა. ნომნიაცია ხუთი იყო - წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო გუნდი/ნაკრები, საუკეთესო ქალი სპორტსმენი და საუკეთესო სპორტსმენი.

გამოკითხვაში   73 ჟურნალისტი მონაწილეობდა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს, ისევე როგორც შარშან და შარშანწინ,  Beer Time-მა უმასპინძლა.

2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ნომინაციაში 130 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბ „ინდიანა პეისერსის“ მოთამაშე გოგა ბითაძემ. მეორე იყო 23-წლამდელებში ძიუდოისტთა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის მომგები ეთერ ლიპარტელიანი (63 ქულა), მესამეზე კი ასევე ძიუდოისტი, უფროსებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი ლუკა მაისურაძე (30 ქულა) გავიდა.

2019 წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში 187 ქულით და აშკარა უპირატესობით პირველი საფეხური ერგო საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს გიორგი ასანიძეს, რომელიც ასევე საუკეთესოდ სცნეს შარშან.

56 ქულით მეორე ადგილზე გავიდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე, ხოლო მესამე ადგილი ერგო წყალბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ ჩომახიძეს (30 ქ).

2019 წლის საუკეთესო გუნდის ნომინაციაში ყველაზე მეტი ქულა (79) ძალოსანთა ნაკრებმა დააგროვა. 46 ქულით მეორე ადგილზე გავიდა წყალბურთელთა ნაკრები, ხოლო 45 ქულით მესამე საფეხური ერგო თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს.

2019 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დიდი სხვაობით პირველობა დარჩა ძიუდოისტ ეთერ ლიპარტელიანს. 67 ქულით მეორე იყო სამბოში ევროპული თამაშების და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი ნინო ოძელაშვილი, ხოლო მესამეზე 62 ქულით გავიდა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, რომელმაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია პირველმა მოიპოვა და ამასთან, პირველია, ვინც მეცხრე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს.

კულმინაცია 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის დასახელება იყო. აქაც აშკარა უპირატესობით, ისევე როგორც 2016, 2017 და 2018 წლებში, ყველაზე მეტი ხმა დააგროვა ძალოსნობაში წლეულს ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების ტრიუმფატორმა ლაშა ტალახაძემ.

ქართველმა გოლიათმა გამოკითხვაში 335 ხმა დააგროვა და სხვათათვის მიუწვდომელი გახდა. ბრძოლა მეორე ადგილისთვის წარიმართა. წლეულს ძიუდოში ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების მომგებმა ლუხუმ ჩხვიმიანმა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანმა გენო პეტრიაშვილმა 204-204 ქულა დააგროვეს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ პეტრიაშვილს რვა ჟურნალისტმა პირველობა არგუნა, ხოლო ჩხვიმიანს ოთხმა, მეორე ადგილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეს მიენიჭა.

გარდა ამისა, ტალახაძე პირველია, ვინც ოთხჯერ, ამასთან ზედიზედ აღიარეს წლის საუკეთესო სპორტსმენად. ძალოსანთა უპირატესობაზე მიუთითებს ისიც, რომ ისინი ხუთიდან სამ ნომინაციაში სცნეს საუკეთესოდ.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რჩეულები 1964 წლიდან დღემდე:

1964 - სლავა მეტრეველი, 1965 - ომარ ფხაკაძე, 1966 - ალექსანდრე მეტრეველი, 1967 - ზურაბ საკანდელიძე, 1968 - ვიქტორ სანეევი, 1969 - ნონა გაფრინდაშვილი, 1970 - თინათინ ლეკვეიშვილი, 1971 - ლევან თედიაშვილი, 1972 - ვიქტორ სანეევი, 1973 - ლევან თედიაშვილი, 1974 - ლევან თედიაშვილი, 1975 - ნონა გაფრინდაშვილი, 1976 - ვიქტორ სანეევი, 1977 - დავით კვაჭაძე, 1978 - მაია ჩიბურდანიძე, 1979 - თემურ ხუბულური, 1980 - ქეთევან ლოსაბერიძე, 1981 - რამაზ შენგელია, 1982 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, 1983 - თეიმურაზ აფხაზავა, 1984 - მაია ჩიბურდანიძე, 1985 - დავით გობეჯიშვილი, 1986 - მაია ჩიბურდანიძე, 1987 - ლერი ხაბელოვი, 1988 - ნინო სალუქვაძე, 1989 - არ ჩატარებულა, 1990 - დავით გობეჯიშვილი, 1991 - არ ჩატარებულა, 1992 - კახი კახიაშვილი, 1993 - კახი კახიაშვილი, 1994 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, 1995 - გიორგი ვაზაგაშვილი, 1996 - ელდარ კურტანიძე, 1997 - გიორგი კანდელაკი, 1998 - გიორგი ასანიძე, 1999 - ნინო სალუქვაძე, 2000 - გიორგი ასანიძე, 2001 - გიორგი ასანიძე, 2002 - ელდარ კურტანიძე, 2003 - ელდარ კურტანიძე, 2004 - ზურაბ ზვიადაური, 2005 - რევაზ მინდორაშვილი, 2006 - ზაზა კედელაშვილი, 2007 - რამაზ ნოზაძე, 2008 - ირაკლი ცირეკიძე, 2009 - მანუჩარ ცხადაია. 2010 - დავით ზირაქაშვილი, 2011 - მამუკა გორგოძე, 2012 - ლაშა შავდათუაშვილი, 2013 - ავთანდილ ჭრიკიშვილი, 2014 - ავთანდილ ჭრიკიშვილი, 2015 – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, 2016 - ლაშა ტალახაძე, 2017 - ლაშა ტალახაძე, 2018 - ლაშა ტალახაძე, 2019 - ლაშა ტალახაძე.

მსგავსი
სიახლეები