ძალოსნობა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია

10-მაი-2019
სიახლეები

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ძალოსნობა ოფიციალურად შეიტანეს. ამის დასტურია გოლდ კოსტში (ავსტრალია) ტესტირების საერთაშორისო სააგენტოსა (ITA) და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას (IWF) შორის სრულყოფილი შეთანხმებაზე ხელის მოწერის ცერემონია.

არაერთი დოპინგ შემთხვევის გამო პარიზი-2024-ის პროგრამაში ძალოსნობის სტატუსი პირობითად იყო განსაზღვრული.

მარტში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, ITA-თან განახლებულ შეთანხმებაზე ხელის მოწერა 2024 წლის ოლიმპიურ პროგრამაში ძალოსნობის პირობითი სტატუსის ავტომატურად შეცვლის მაუწყებელი იქნებოდა.

ITA-ს მოვალეობებში იქნება დოპინგ რისკების შეფასება, ტესტების დაგეგმარება და ჩატარება, თერაპევტული გამონაკლისების გაცემა, ბიოლოგიური პასპორტების პროგრამის მართვა და IWF-ის საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დოპინგ-სინჯების გრძელვადიან შენახვას და მათ ხელმეორე ანალიზს.

„IWF აკრძალული პრეპარატების გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდშია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობით ძალოსნობას ვაქცევთ ყველაზე „სუფთა“ სპორტის სახეობად,“ - განაცხადა ITA-ს გენერალურმა დირექტორმა ბენჟამინ კოენმა.

2017 წლის ივნისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა აღნიშნა, რომ თუ ძალოსნობაში დოპინგშემთხვევები მასობრივ ხასიათს მიიღებდა, მაშინ სპორტის ეს სახეობა 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან შესაძლო გარიცხვის წინაშე დადგებოდა.

ბოლო ხანებში ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ დოპინგთან ბრძოლის სტრატეგიას გადახედა და ოლიმპიური თამაშებისთვის ახალი შესარჩევი სისტემა შეიმუშავა, სადაც კვოტებს განაწილებისას გათვალისწინებულია ეროვნული ფედერაციების ანტისადოპინგო ისტორია.

ახალი წესებით, ქვეყნები, რომელთა ათლეტებსაც წლის განმავლობაში დოპინგზე შემოწმებისას სამი ან მეტი დადებითი პასუხი აღმოაჩნდებათ, საერთაშორისო შეჯიბრებებიდან და ოლიმპიური შესარჩევი ტურნირებიდან მოიკვეთებიან.

„სუფთა შეჯიბრებების უზრუნველყოფა და სუფთა სპორტის კულტურა უდიდეს გუნდს მოითხოვს. ჩვენს გუნდში ITA-ს ხილვით IWF მოხარულია.

სუფთა სპორტის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯებით IWF მეტად ამაყობს. ვფიქრობთ, ჩვენს მცდელობებს ITA უფრო გააძლიერებს,“ - განაცხადა IWF-ის გენერალურმა დირექტორმა ატილა ადამფიმ.

IOC-ის სპორტული დირექტორის კიტ მაკონელის განცხადებით, ოლიმპიურ პროგრამაში ძალოსნობის დასარჩენად IWF-ზე მეთვალყურეობა კვლავაც გაგრძელდება.

მსგავსი
სიახლეები