მსოფლიო შედეგით მოგებული ევროპა

13-აპრ-2019
სიახლეები

ბათუმის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის კულმინაცია და მშვენება დასკვნითი დღე და მძიმეწონოსანთა ასპარეზობა იყო. წონა, სადაც საქართველოს ნაკრები ორი გოლიათით იყო წარმოდგენილი. აქედან ერთი ნაკრების კაპიტანი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ირაკლი თურმანიძეა, მეორე - მსოფლიოს უძლიერესი ადამიანი, ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და პლანეტის ორგზის საუკეთესო ძალოსნად დასახელებული ლაშა ტალახაძე.

საქართველოს ნაკრების წონის მეგობრების ხილვა ყველას სურდა. ამიტომაც ბათუმის სპორტის სასახლეში თავისუფალი ადგილი აღარ დარჩა.

მძიმე წონამ ცხრა მონაწილეს მოუყარა თავი, მაგრამ შეჯიბრების დაწყებამდე ესტონელმა ასპარეზობაზე უარი თქვა. მერე და მერე ორთაბრძოლას კიდევ რამდენიმე გამოეთიშა. ეს მაშინ, როდესაც ჩემპიონის და მეორე ადგილოსნის ვინაობა უკვე გარკვეული იყო.

ჩემპიონი, რა თქმა უნდა, ლაშა ტალახაძე გახდა. ქართველმა გოლიათმა კონტინენტის უძლიერესის სახელი მეოთხედ მოიპოვა, თანაც მსოფლიო რეკორდით. უფრო სწორად, მსოფლიო რეკორდებით.

ტალახაძემ ატაცში მეორე მისვლაზე 218 კილოგრამი დაძლია, მსოფლიო რეკორდი დაამყარა, პირველობა დაიბევა და მეორე მისვლაზე უარი თქვა. აკვრაშიც მეორე მისვლაზე 260 კილოგრამი დაიმორჩილა, ორჭიდში დაგროვილი 478 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, პირველობა გაინაღდა აკვრაში და ორჭიდში და მესამე მისვლაზე უარი თქვა.

ტალახაძემდე ფიცარნაგზე მისი წონის მეგობარი ირაკლი თურმანიძე ბატონობდა. ნაკრების კაპიტანმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა (195, 201, 206 კგ) და მეორე ადგილი დაიკავა. ასევე წარმატებით გამოიყენა სამივე ცდა აკვრაშიც (227, 234, 241), სადაც მესამე შედეგი ერგო, მაგრამ ორჭიდში დაგროვილი 447 კილოგრამით კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

440 კილოგრამით მესამე საფეხური დაიკავა სომეხმა რუბენ ალეკსანიანმა.

და კიდევ, როდესაც ტალახაძის და თურმანიძის ამ წარმატებებზე ვსაუბრობთ, იქვე უნდა ვახსენოთ ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე, რომელიც წონების სწორად შერჩევის დიდი სტრატეგოსია.

და ბოლოს, 2015 წლიდან მოყოლებული, მძიმე წონას ქართველი ძალოსნები განაგებენ. 2015 წელს ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე გახდა, შემდეგ კი სადავეები ტალახაძემ აიღო.

ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა 15 მედლით დაასრულა. აქედან 5 უმაღლესი სინჯისაა, 6 ვერცხლის, ხოლო 4 ბრინჯაოსი. მათ შორის ერთი ოქრო ორჭიდის ჯამშია მოპოვებული.

მსგავსი
სიახლეები