ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფიდან A-ში მიგრაციას მედლები მოჰყვა

10-აპრ-2019
სიახლეები

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეხუთე დღეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ძალოსნების B ჯგუფიდან A ჯგუფში მედლებამდე დაწინაურება. ასე იყო ქალთა 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში, როდესაც ისრაელელმა ნიკოლ რუბანოვიჩმა ატაცში დაძლეული 96 კილოგრამით A ჯგუფამდე და ბრინჯაოს მედლამდე გაიკვალა გზა. ასეთი გამოდგა ვაჟთა 81 კილოგრამ წონითი კატეგორია, სადაც ქვედა ჯგუფიდან ატაცში შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებამდე ესპანელი ანდრეს ედუარდო მატა და ალბანელი ერკანდ ქერიმაჯი აღზევდნენ.

მეხუთე დღის დასკვნითი ნაწილი რეკორდების დამყარების მხრივაც აზარტული გამოდგა. 20 და 23 წლამდელთა ორ ათეულამდე ევროპის რეკორდი დაემხო ატაცში, აკვრასა და ორჭიდში. მათ შორის, რეკორდით და ჩემპიონობით კმაყოფილი უნდა იყოს იტალიელი ანტონინო პიცოლატო, რომელმაც ატაცში მეშვიდე შედეგი (155 კგ) ჰქონდა, მაგრამ დანაკლისი აკვრაში ამოქაჩა (201 კგ) და დისციპლინაში პირველ ადგილთან ერთად ორჭიდში (356 კგ) ჩემპიონობაც იზეიმა.

რეკორდების კიდევ ერთმა ავტორმა ბელარუსმა პეტრ ასაიონაკმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო მესამეზე ასევე ევროპის არაერთი ასაკობრივი რეკორდის შემოქმედი ლატვიელი რიტვარს სუჰარევსი გავიდა.

მსგავსი
სიახლეები