ნიკოლის სიურპრიზი და ქართული კვალი

10-აპრ-2019
სიახლეები

ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეხუთე დღის გმირად შეგვიძლია შევრაცხოთ ისრაელელი ნიკოლ რუბანოვიჩი. არა, მას არც რეკორდი დაუმყარებია და არც ორჭიდის ჯამში უზეიმია ჩემპიონობა, მაგრამ ის შეძლო, რაც თავისებურ ხიბლს მატებს ძალოსნობას.

რუბანოვიჩმა, რომელიც 71 კილოგრამ წონითი კატეგორიის B ჯგუფში ასპარეზობდა, ატაცში დაძლეული 96 კილოგრამით საღამოს ფინალურ სერიაში A ჯგუფში და ბრინჯაოს მედლამდე დააწინაურდა. B ჯგუფიდან მედლამდე აღზევება სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა მისთვის და არამარტო. ნიკოლ რუბანოვიჩის შედეგით და შეგირდით კმაყოფილები იყვნენ მწვრთნელები, მათ შორის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ასანიძე და მისი თანაშემწე გია ცირეკიძე, რომლებიც ნიკოლს დრო და დრო ავარჯიშებენ და მისთვის დისტანციურ რჩევებსაც არ იშურებენ. მათ შორის თანამშრომლობა მხოლოდ მაშინ შეფერხდა, როდესაც რუბანოვიჩი ისრაელში სამხედრო სავალდებულო სამსახურს გადიოდა.

წონის ჩემპიონობა რუსმა ანასტასია რომანოვამ მოიპოვა, რომელიც სხვათათვის მიუწვდომელი იყო როგორც ატაცში, ისე აკვრასა და შესაბამისად ორჭიდში (112+128 და 240 კგ).

მეორეზე 216 კილოგრამით ბრიტანელი ემილი გოდლი გავიდა, ხოლო მესამე საფეხური რუმინელმა მადალინა ბიანკა მოლიემ დაიმსახურა (215 კგ).

მსგავსი
სიახლეები