ჭავჭავაძის გამზირი 49
0162 თბილისი, საქართველო
ტელ: 995 32 23-06-19
ფაქსი: 995 32 53-79-15
E-mail: geowf@geowf.ge

ძალოსნობის განვითარების მოკლე ისტორია საქართველოში

საქართველოში ძალოსნობის განვითარების ფუძემდებელი გიორგი ბაგრატის-ძე ჩიკვაიძეა, რომელიც კიევის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 20-იან წლებში მსოფლიო რეკორდსმენის წოდებით (ორი ხელით აჭიმა 60 კგ. ,საკუთარი წონა - 60 კგ.) დაბრუნდა სამშობლოში. მან მოღვაწეობა დაიწყო ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტში და ძალღონეს არ იშურებდა ძალოსნობის განვითარებისათვის. გიორგი ჩიკვაიძე სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა ფიზიკური კულტურის კვლევით ინსტიტუტში.

გიორგი ჩიკვაიძის საქმიანობა გააგრძელა მისმა მოსწავლემ - კოსტანტინე ზაუტაშვილმა. 40-იანი წლებიდან იგი იყო საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის თავმჯდომარე. ამავე დროს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო კატეგორიის საპატიო მსაჯის წოდება.

1972-76 წლებში ძალოსნობის ფედერაციას სათავეში ჩაუდგა ბ-ნი დუგლას ნიკურაძე, რომელიც იმ პერიოდში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

1976-80 წლებში დუგლას ნიკურაძე შოთა ბუაძემ შეცვალა, რომელიც ამავე დროს პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტში. პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი შოთა ბუაძე, რომელიც რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თეორიის კათედრას, დღესაც აგრძელებს მოღვაწეობას ძალოსნობის ფედერაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე.

1980-84 წლებში, სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ინიციატივით, ძალოსნობის ფედერაციის თავჯდომარედ აირჩიეს გურამ ლოლაძე, რომელიც იმ პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა.

1987 წელს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე არჩეულ იქნა წარსულში ცნობილი ძალოსანი იური ქართველიშვილი, რომელიც ამჟამად მუშაობს მეტალურგიის კვლევით ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ. იგი არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

1993 წლიდან ფედერაციას სათავეში ჩაუდგა რამაზ გურგენიძე, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა, იყო ძალოსანთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი, მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება.

2002 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, წარმატებული ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია დაარსდა 1991 წელს და 1993 წლიდან საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის სრულუფლებიანი წევრია.

სასარგებლო ბმულები:

www.iwf.net - International Weightlifting Federation