ჭავჭავაძის გამზირი 49
0162 თბილისი, საქართველო
ტელ: 995 32 23-06-19
ფაქსი: 995 32 53-79-15
E-mail: geowf@geowf.ge

საქართველოს ძალოსნები საერთაშორისო სარბიელზე

ყოფილმა სსრ კავშირის ნაკრებმა, პირველად ოლიმპიადების ისტორიაში, 1952 წელს მიიღო მონაწილეობა ჰელსინკის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში. ძალოსანთა ნაკრების ღირსებას იცავდა საქართველოს წარმომადგენელი რაფაელ ჩიმიშკიანი, რომელმაც ბრწყინვალედ იასპარეზა და ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა. იგი გახლავთ მსოფლიოს ორგზისა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი, მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება, არის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

1968 წელს ქართველმა ძალოსანმა დიტო შანიძემ მექსიკის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ეს წარმატება ოთხი წლის შემდეგ მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებში გაიმეორა, ხოლო მეორე წელს მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. იგი მრავალგზის მსოფლიო რეკორდსმენია, ორჯერ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი, მინიჭებული აქვს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.

20 წლის შემდეგ, 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებში ბრწყინვალედ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა კახი კახიაშვილმა. მან ეს წარმატება ორჯერ კვლავ გაიმეორა, მაგრამ უკვე როგორც საბერძნეთის მოქალაქემ. ატლანტასა და სიდნეის ოლიმპიურ თამაშებში კახი კახიაშვილმა საბერძნეთს ოლიმპიური ოქროს მედლები მოუტანა.

2000 წლის სიდნეის ოლიმპიურ თამაშებში გიორგი ასანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2001 წელს მსოფლიო ჩემპიონიც გახდა, არის ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო რეკორდსმენი.

ზემოთ აღნიშნული სპორტსმენების გარდა, სხვადასხვა დროს შესანიშნავ წარმატებას მიაღწიეს ვლადიმერ სვეტლენკომ, ხაიმ ხანუკაშვილმა, მამია ჟღენტმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, გიორგი კოჩიევმა, ამირან ჭიტაძემ, ბიძინა მიქიაშვილმა, მუხრან გოგიამ, ალეკო ნოზაძემ და სხვებმა, რომლებმიც წარმატებით იცავდნენ საქართველოს სპორტულ ღირსებას საერთაშორისო სპორტულ სარბიელზე.

David Bezhuashvili

დავით ბეჟუაშვილი

საქართველოს ძალოსნობის
ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი